ღამის ამბავი, ან რაც გინდათ რა

– კნოკ, კნოკ…
– ვინ არის – მოისმა უკანა ოთახებიდან, რაც გულისხმობდა, რომ გასაკვირია, მაგრამ უკვე იწვა.
– ნოთ ემილი 
– ჰეჰ, პარა!  – ნაწყვეტი ძველი, შავი ხუმრობიდან, ყოველთვის საკმარისია, რომ თუნდაც ჩემი ზე-მოწყენილი და ამის გამო შეცვლილი ხმა იცნოს. კარი გააღო.
– წინა კვირას ორჯერ გავბრუნდი შენს სადარბაზომდე მოსული…
– ერთხელ დაგინახე… დღესაც წახვალ?
– სახლში თუ შემომიშვებ, არა
– ესე ეგვიან? მეზობლები რას იფიქრებენ ჩემზე!
– ოო, გაბი! – აღარ დავლოდებივარ მიპატიჟებას და პირდაპირ მისაღებ ოთახში შევაჭერი.
– გაბი… რა პატარა იყავი, როცა ეგრე მეძახდი. მაშინ შოკოლადები მოგვქონდა ხოლმე მე და მამაჩემს შენთვის და რო არ გაძლევდი ბრაზდებოდი.
– შოკოლადისთის არ მოვსულვარ დღეს – ამ დროს უკვე მისაღები ოთახის დივანზე ვიწექი და ზუსტად ჩემს მაღლა დაკიდებულ აზიური სტილის ჭაღს მივჩერებოდი ისე, თითქოს პირველად ვნახე.
– ისე, რატო მეძახდი მოფერებით სახელს მხოლოდ გაბრაზებული?
– გაბი, რამე-რუმეები გექნება შენ.
– აი, ისევ გაბი – ეცინება ისე, თითქოს რამე განსაკუთრებულს ამჩნევს
– გაბრიელ, მიბოძეთ თევნი რამე-რუმეები თუ არ შეწუხდებით და მოვრჩეთ.
– ნება თქვენია… გინდა….
– კი – არ ვაცდი დამთავრებას, რადგან, როდესაც გაბრიელი იწყებს ფრაზას სიტყვით “გინდა”, წინადადების განვითარების სულ ორი ვარიანტი არსებობს ა. გინდა ახალი რამ გაგასინჯო და ბ. გინდა ცოტა მოვამატოთ… ამ შემთხვევაშ მე ორივე პირობაზე თანახმა ვიყავი.

…გაბრიელი გვერდითა ოთახდან მალევე გამოვიდა ხელდამშვენებული და ზედმეტად სერიოზული სახით გამომხედა:
– შენებთან ვიყავი ამ დღეებში
– გაუხარდებოდი ყველას
– კი, ბევრნი ვიყავით, კაი იყო
– გილოცავ. საქმეს მიხედე.
– დიდხანს გაქებდნენ. საამაყო შვილი და რა არ გეძახა ყველამ.
– უთხარი რომ ერთი ფსიქიურად გაუწონასწორებელი, სუიციდისაკენ მიდრეკილი ნარკომანი ვარ?
– კი, ეგეც და ისიც, ვიღაც ავადმყოფი ხალხის გამო რომ პრობლემებს იქმნი
– უფრო მძაფრადაც შეგეძლო, მგონი ბერდები.
– შენ კი მამაკაცის სუნამოს სუნი აგდის… ისევ… მისი…
– შენ იმას არ მაძლევ, რისვთისაც მოვედი
– მის მერე რატომ მოდიხარ ხოლმე ჩემთან…
– უკვე სულერთია… ჯასთ ჰელფ მი, ბრო…

გაბის ხმა აღარ ამოუღია, ისე გააკეთა ყველაფერი.
მხოლოდ მერე ჩეილაპარაკა რაღაც, რაც არ გამიგია, რადგან მე ის უფრო მაინტერესებდა, რა ემართებოდა აზიურ ჭაღს…

xoxo პარნოიდი.

უცნაურად ჩვეულებრივები ხართ ადამიანები

არა, პირველად არ გამიკეთებია ეს დასკვნა, თუმცა ამ დღეებში უფრო შევამჩნიე. უბრალოდ მანამდე არ გაკვირდებოდით მგონი. ყველაზე ცუდი თვისება რაც ადამიანებს გაქვთ, ისაა, რომ სხვებს თვითგამოხატვის თავისუფლებას არ უტოვებთ. გიჟდებით ისე გიყვართ სხვისი ტერიტორიის შემოსაზღვრა და მისი ისეთივე ჩარჩობში მოქცევა, როგორშიც თავად ხართ გამოკეტილი. არაბუნებრივად ჩვეულებრივები ხართ და ვერ ვხვდები, როგორ ადგენთ რაღაც სულელურ შეხედულებებს…

ბოლო რამდენიმე დღეა საშინლად გაციებული დავბოდიალობ ქუჩებში და ზოგადად, ამ დროს ზედმეტად მომინდება ხოლმე გარემოზე დაკვირვება ან ემოციების გამოხატვა. ადამიანები კი ყოველთვის იმაზე მკვეთრად რეაგირებთ, ვიდრე საჭიროა.

მაგალითად, დიახაც, თუ თავს ცუდად ვგრძნობ თვალები ყოველთვის საშინლად მეწვის და გამოსავლის სახით ის მაქვს არჩეული, რომ თვალდახუჭული დავდივარ. სოუ, თუ გზაზე თვალდახუჭულ გოგოს დაინახავთ, რომელიც სადღაც 10წმ-ში ერთხელ ახელს თვალს, რომ არაფერს შეასკდეს, არ არის აუცილებელი გაოცებული და გამოშტერებული სახით მიაჩერდეთ ისე, თითქოს შიშველია ან რამე თქვენთვის შეურაცხმყოფელს აკეთებს. შეგიძლიათ უბრალოდ მიხვდეთ, რომ თვალები ეწვის, ან დაიღალა.

მეორეც, თუ იგივე გოგო ღამით სეირნობისას თავაწეულია და მთვარეს მისჩერებია (რაც იდეაში უთანაბრდება თვალდახუჭულ სიარულს) აქაც შეიკავეთ თავი, რადგან ლოგიკურია, ადამიანი ღამე ქუჩაში მთვარის ან რამე სხვის სანახავად გამოდის და სეირნობს და არა თქვენი დაბოღმილი სახეების სათვალიერებლად.

საერთოდ, არ არის აუცილებელი სახეზე კრეტინული რეაქცია აღგებეჭდოთ, როდესაც ქუჩაში თავისთვის მომღიმარ/მოტირალ, რამე ტკბილეულის მჭამელ, მომღერალ, მსტვენ ან რამე ამდაგვარის მქმნელ ადამიანს დაინახავთ…

აი, იმ დღეს, მოვდივარ დიღომში ღამე. რა ჯანდაბა მინდოდა დიღომში და თან ღამე ეგ მეორე საკითხია. მოკლედ, მოვდივარ ჩემთვის სრულიად უცნობ მეორეხარისხოვან ქუჩაზე, საათი თორმეტისკენ მიიწევს, სადღაც ძაღლებიც ყეფენ და ამ დროს რა უნდა ვაკეთო გარდა სტვენისა. ჰოდა მოვდივარ მეც ჩემთვის, მოვათრიხინებ ბათინკებს და ვუსტვენ. ზუსტად ამ დროს ვიღაც გამოდის მახლობელი ჭიშკრიდან და მომჩერებია ისეთი სახით, თითქოს რამე უკანონოს ან ამორალურს ვაკეთებ.
არადა გაყინული გოგო, მივბოდიალობ ჩემთვის და ვუსტვენ…

თუ რაღაც გინდათ გააკეთეთ. გინდათ უსტვინეთ, გინდათ იმღერეთ. გამოხატეთ რომ რაღაც გაინტერესებთ გარდა იმისა, რომელი საათია და სამსახურში რამდენს აგვიანებთ. გარდა იმისა, რომელ საათზე დაიძინეს თქვენმა შვილებმა ან რამდენი გაქვთ ხელფასი. უბრალოდ ზოგჯერ ხომ შეგიძლიათ იყოთ თქვენ თქვენ და არ იღელვოთ არაფერზე. თუ არ არსებობს დრო ჩემთვის, რატომ გარბის ის ასე სწრაფად თქვენთან და თუ რამე ცუდი მოხდა რატომ გაურბიხართ ამას. რატომ არ შეგიძლიათ რომ იყოთ ერთდროულად უბედურები და მშვენიერები. ხომ შეიძება მოწყენილობით დატკბე ზუსტად ისევე, როგორც სხვა რამით.

და თუ მაინც ამას ვერ ახერხებთ, სხვებს გვაცადეთ ^^

xoxo პარანოიდი.

უნდა მიმეჯღაბნა სადმე

თითქმის ერთი კვირაა, რაც აღფრთოვანბეული და უბედური დადის. ვერც თვითონ ხვდება როგორ ახერხებს ორივეს ერთად.

გონებაში სითბოდ ეღვრება ის აზრი, რომ კვირაზე ცოტა მეტში შეეცდება გალაქტიკა წიხსლზე დაიკიდოს და მერე თვითონვე ეცოდება საკუთარი თავი. წარმოიდგენს როგორ გდია სადმე, უსიცოცხლოდ და შუა ქუჩაში უვარდება ქვითინი. თუ წარმოიდგინა, რომ გადარჩა, მერე უფრო მეტად ტირის.

გიჟდება იმაზე ფიქრზე, რას იზამენ სხვები, როცა მის შესახებ გაიგებენ. ხედავს უემოცი მიმიკებს და მერე ისევ იწირპლება. გამუდმებით გონია, რომ სამაგიეროს გადახდა არ გამოუვა და ამით არავისაც არაფერი დააკლდება.
მაინც უნდა, სამყაროს დაახვევინოს.

ადგება და წავა. ჰო, ვსიო. რამდენ მის ნაცნობს თუ მეგობარ უქნია ასე. ამგდარა და წასულა. თუმცა მას ყველას შესახებ ახსოვს. დედამისის იმ თანამშრომლის შესახებაც, რომელსაც სულ არ იცნობდა. აი მას არავინ გაიხსენებს. ჰა-ჰა 1 კვირა იყოს სალაპარაკო მისი ამბავი.
ცუდი ისაა, იცის ვერავინ გაიგებს რა უნდოდა. “ისიც” ვერ გაიგებს.

ამ დროს ხვდება, რომ უნდა, ყველა ყველაფერს ჩაწყვდეს, თუმცა დიდი ხნის წინ თქვა, წერილს არ დავტოვებო. მაგრამ რამე ხომ უნდა ქნას. ესეთი მომენტების გამოტოვება არ შეიძლება.

რა იქნება, უთხრას, რომ “მისი” ბრალია და მერე იმით მაინც ინუგეშოს თავი, რომ აქ დატოვა განუსაზღვრელი დროით სინდისის ქენჯნისათვის. რა სასიამოვნოა იმის გაფიქრება, რომ “ის” ყოველი გაცინების შემდეგ მოიღუშება, რადგან ეცოდინება არ აქვს ამის უფლება.

ამას არ იზამს. ვერასოდეს იზამს. ალბათ იმიტომ, რომ თავს კარგად სულაც არ იგრძნობს, თუ ვინმეს შეეცოდება.

რაღაც უნდა, მერე აწამებს ის შეგრძნება, რომ სასურველს ვერ მიიღებს, შემდეგი კვირა ახსენდება, გულზე ეშვება და მერე იმავე წამს ტირილს იწყებს.

თითქმის ერთი კვირაა რაც აღფრთოვანბეული და უბედური დადის. ვერც თვითონ ხვდება როგორ ახერხებს ორივეს ერთად.
ალბათ ყველა ასეა, როცა სიკვდილს გადაწყვეტს.

 

xoxo პარანოიდი.

გაბრიელი

კვირაში ერთხელ თვითონ მივდივარ მის სახლში და საჭირო რაღაცებს მაძლევს. ფიქტიური ბედნიერების დილერია და ეს კარგად გამოსდის. ოდესმე დაიჭერენ და მე თავს დამნაშავედ ვიგრძნობ, რომ არ შევაჩერ, მანამდე კი გაბრიელი მდიდარი ბავშია ღარიბი ოჯახიდან. ალბათ ყველას ასე დაემართებოდა, 15 წლის რომ წამოსულიყო სახლიდან და გასაღება დაეწყო. გაბრიელი ნაცნობია, ჩემი ძველი ცხოვრებიდან.

როცა წინა პოსტის მერე გაბრიელს კიდევ ერთხელ მივმართე და მასზე დამოკიდებულება შევჰფიცე, გაიღიმა, რაც არც ისე ხშირად ხდება. ზოგადად, ასეთია.

გაბრიელს არ ჩამოუშვია ცხივირი, როდესაც 1 წლის წინ მე ჩემი ძველი ცხოვრებიდან გავქრი, არ დაუწყია ძებნა, არც მისი 27 მესიჯი დამხვედრია ტელეფონზე და არც გავხსენებივარ მანამ, სანამ ცოტა ხნის წინ თავად არ შევეხმიანე.
ის ერთადერთი ადამიანია, რომელიც ჩემს ძველ ცხოვრებაში დაბრუნებას ეწინააღმდეგება, ამბობს გამოვა 1 წელი უაზროდ დაკარგეო. იმასაც ამატებს აქაც არავის სჭირდებიო.
გაბრიელს ისიც არ უნდა, რომ სამსახურიდან წამოვიდე. ვფიქრობ, საჯარო სამსახურში არაეთიკურ-სარისკოა გაბრიელის ნაგვის ქვეშ მყოფი სიარული, მას კი გონია, რომ ვერავინ ვერაფერს მიხვდება, მას თუ დავუჯერებ. სიანმდვილეში გაბრიელს არ უნდა ფული შემომაკლდეს, რაც მის ბიუჯეტზეც აისახება და ზრუნვის ილუზიას ქმნის.

გაბრიელი ჩემზე ათიოდე წლითაა დიდი, როცა პირველად ვნახე ჯერ თინეიჯერიც კი არ ვიყავი და მაშინვე ჩემს საოცნებო მამაკაცად მოვნათლე. ახლა როცა მის სახლში გვიანობამდე დარჩენილს უკნიდან მეხვევა ფრთხილად ვიშორებ.
გაბრიელს ჰგონია ეს იმის ბრალია, რომ არ ვენდობი, ან იმის, რომ მშიშარა ვარ, უფრო კი იმას, რომ ვიცნობ არ უყვარს ადვილი სამიზნეები და დროს ვუწელავ.
სინამდვილეში უბრალოდ სხვა მინდა იყოს მის ადგილას.

გაბრიელი მოხარულია, რომ ახალი ბინის მიტოვებას არ ვაპირებ, რადგან ადრე ერთ უბანში ვცხოვრობდით და მას კი არავითარ სურვილი არ აქვს, მის ახლო-მახლოს ნაცნობი ადამიანები ტრიალებდნენ.

გაბრიელი ერთადერთია, ვისაც უფლება აქვს ჩემთან ერთად იყოს მაშინ, როდესაც მის ნაგავს მოვიხმარ.
ვიცი ვინანებ ოდესმე ამ გამონაკლისს. უსათუოდ.

xoxo პარანოდი.

ნარკომანი მე

ბოლო დროს ბევრი ვიფიქრე და წინააღმდეგობის გაწევის ვერანაირი საფუძველი დავინახე, ჩათრევას ჩაყოლა სჯობს, რეალობას კი ყველაფერი სხვა და ოფიციალურად გადავწყვიტე შეჯდომა.

 

მახსოვს, შეგპირდი არასოდეს გავეკარებოდი წამალს.
მაშინ, როცა გაბრიელმა პირველად შემოგვთავაზა მეც და შენც რამდენიმე კვირა გვქონდა დარჩენილი სრულწლოვანებამდე. 
მე ცალყბად გავიღიმე და უარი ვუთხარი, შენ კი პასუხიც არ გაგიცია. იმ ღამეს მთხოვე სახლამდე მიგაცილებო. არ შეგწინააღმდეგებივარ. გზაში სიტყვა არ დაგიძრავს, სადარბაზოსთან მისულმა კი პირობა დამადებინე, რომ არასოდეს გავეკარებოდი ნარკოტიკს. დაუფიქრებლად დაგპიდი.
იმ დღეს სახელამდე იმიტომ მიმაცილე, რომ გეგონა, როგორც კი შენ თვალს მოეფარებოდი, გაბრიელთან დავბრუნდებოდი. ამას არ ვიზამდი. მაშინ არ ვიზამდი….

არ მიყვარს პირობების დარღვევა, მითუმეტეს გარდაცვლილთათვის მიცემულის, მაგრამ შენივე ბრალია, რადგან ამ ამბაბიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ ახალი პირობა დამადებინე, მთხოვდი თავი არ მომეკლა არასოდეს. მართლაც, ეს პირობაზე მეტად თხოვნა უფრო იყო, მითუმეტეს, რომ არ მიპასუხია შენთვის, მაგრამ როგორც ხედავ აქამდე გიჯერებ.

იმ წამს ცოტა მაინც რომ დაფიქრებულიყავი მიხვდებოდი, რომ ეს ორი პირობა სრულიად გამორიცხავს ერთმანეთს. მე არ შემიძლია საღ გონებაზე ყველაფრის ატანა. ახლა ნამდვილად აღარ…

გპირდები სასიკვდილო დოზებამდე არ მივალ. არც ზედმეტად დავიმახინჯებ თავს. მკაცრად დავადგენ მცირე ოდენობას და არასოდეს გავცდებო მას, ოღონდ შენც შემპირდი, რომ როცა ბოლოს და ბოლოს შევხვდებით, დაუფიქრებლად მომესალმები და ჩემთვის ლეციების კითხვას არ დაიწყებ. 

P.S. გაბრიელს ისევ ისე უხარია ახალი კლინეტები, როგორც ადრე და სულერთია მისთვის, მეგობარი ხარ თუ უცხო.

xoxo პარანოიდი.

მე, როგორც ასეთი

ბლოგი საკუთარ თავზე საწერად გავხსენი კარგა ხნის წინ და ბოლო დროს სხვებზე უფრო მეტს ვწერ მგონი.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ გუშინ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომიწია მგზავრობა.
ვიდექი ხალხით გაჭედილ ვაგონში და ვფიქრობდი, შეიძლება იქ, იმ დროს იდგა რომელიმე ჩემი ნაცნობი, მხოლოდ ბლოგიდან რომ ვიცნობ და ვეკონტაქტები, მაგრამ მე წარმოდგენაც არ მქონდა ამის შესახებ.

ხო და მომინდა საკუთარ თავზე დაწერა. მე, როგორც ასეთი, ხომ მაქვს რაღაც ფიზიკური გამოსახელუება, რომელიც შეიძლება ხშირად გეჩეხებათ ქუჩაში, ან უფრო მეტიც, თქვენ მოდიხართ ჩემს სამსახურში, მე კონსულტაციას გაძლევთ, რაღაცებში გეხმარებით, ან პირიქით დიდხანს გალოდინებთ შეხვედრაზე, მერეც როგორც უცნობს მელაპარაკებით, არადა იცით, რომ სადღაც არსებობს სერიული თვითმკვლელი პარანოიდი, ადამიანები უმეტესობას რომ ვერ იტანს და ყველას ერთნაირ პრიმატებად მიიჩნევს, მაგრამ ამ ოფიციალურტონდაყენებულ გოგოში მოდი და ამომიცანით.

მოკლედ, ამიტომ ჩემ თავზე დავწერ დღეს.

ჯერ მარტივი ნიშნები:

  • ორიენტირი საშუალოზე მაღალ და საშუალოზე გამხდარ გოგოებზე დაიჭირეთ.
  • მიკეთია ნაუშნიკი, რომელსაც მხოლოდ ერთი ყურსასმენი აქვს.
  • საშუალოზე სიგრძის თმა 50დან 48 შემთხვევაში გაშლილი მაქვს.
  • 50დან 40 შემთხვევაში ფეხზე იდეალური ბათინკები მაცვია. (ნებისმიერ ტანსაცმელზე)
  • მარცხენა ხელზე ყოველთვის მიკეთია საათი.

 

და მაინც, ესეთი აღწერილობის არც ისე ცოტა ადამიანს შეხვდებით, თუმცა ქცევებიც დაგეხმარებათ რამეში.

მაგალითად, თუ თქვენ რამე უხერხული გააკეთეთ, ისეთი იმ წამს რომ გაიფიქრეთ იმედია არავინ დამინახაო და უცებ წააწყდით ვიღაცის სახეს, რომელიც ესე ურცხვად მოგჩერებიათ დაუფარავი დამცინავი მიმიკით, დიდი შანსია მე ვიყო.

თუ ეს ვიღაც მარცხენა ხელის რითმული მოძრაობებით ეხება თავის მარცხენა ფეხს, ისე რომ აშკარად აყოლებს თითებს მუსიკის რიტმს, უფრო დიდი შანსია, მე ვიყო.

თუ ეს ყველაფერი ღამით ხდება თბილისის ცარიელ ქუჩაში შანსები უფრო იზრდება. საერთოდაც თუ ღამე, არაადეკვატურ დროს შეგეჩეხათ ვინმე გოგო, უკვე დიდი შანსია რომ მე ვიყო.

თუ ასეთ გოგოს გამოელაპარაკებით და ის გიპასუხებთ, რომ მისთვის მაინც სულერთია რას გააკეთებს და რამდენიმე საათიანი საუბარი წამოიწყო თქვენთან, სერიოზული ეჭვი უნდა გაგიჩნდეთ, რომ მე ვარ.

თუ ეს მართლა მე ვარ, მაშინ ლაპარაკში იმაზე მეტ ინგლისურ, გერმანულ და რუსულ სიტყვას ვიხმარ, ვიდრე ეს ნორმალურია და თუ დიდხანს გავაგრძელეთ, რამდენიმე ლათინურსაც გავურევ.

თუ ამ ყველაფრის შემდეგ დაგემშვიდობეთ და გითხარით, რომ სხვა დროს ვეღარასოდეს შევხვდებით, ეს ნამდვილად მე ვიყავი.

უნდა გეყოთ ეს წესით.

xoxo პარანოიდი.

ვხედავ, რაც მსურს

გუშინ ჩემსავით ბევრი იქნებოდა, ღამე რომ მოუნდა გასეირნება, თუმცა ჩემს გზაზე არ გამოუვლიათ…
ვიტყოდი, ვერავინ ვნახე გუშინ-მეთქი, რომ არა შუაღამისას შესახვევიდან გამოსული სილუეტი. ყურადღებას არც მივაქცევდი, რომ არა კრემისფერი, კაპიუშონიანი პლაში. ეგრეც არ ციოდა გუშინ…

მერე დეტალებში შევიცანი…

თმა ისეთი ქონდა, როგორც ყოველთვის, ტალღები მათ გაქრობამდე გასწორებული, გვერძე გაყოფილი და უქარო ამინდშიც მოძრავი. ახლა ქარიც უბერავდა და რამდენიმე წამით გამოჩენილ ყურებში თეთრი ყურსასმენებიც დავინახე.

ისე მოდიოდა, როგორც არავინ სხვა, თითქოს როლიკებზე იდგა მუდმივად და როცა მის სახეს დავაკვირდი, აშკარად შევნიშნე, როდის დაიწყო სიმღერის მისამღერი.
ახლა ჩემთანაც მისამღერზე იყო გადასული დემიენი.
ვერ გაიგებდით სად იყურებოდა, არც ძირს და არც წინ, რაღაც წარმოსახვითი დიაგონალი ქონდა და მჯერა მეოთხე განზომილებაში მისჩერებოდა რაღაცას, თანაც კმაყოფილი.

მერე ტუჩები ერთ ადგილას მოკუმა, ამის შემდეგ გაიღიმებდა, ვიცოდი. გაიღიმა კიდეც და თვალები ოდნავ დაუწვრილდა.  ერთხელ მითხრა ადამიანები როგორ შვებიან, რომ თვალები უბრწყინავთო. სულ ცდილობდა და არ გამოსდიოდა. სამაგიეროდ მე არ მინახავს სხვა ადამაინი, რომელსაც მასსავით დაბურული თვალები ჰქონოდა. ვერც ახლა ვნახავ ვინმე ასეთს.

გუშინ ზედმეტად შორს იყო ჩემგან, ისე შორს, წესით სილუეტის გარდა ვერაფერი რომ უნდა დამენახა, მაგრამ გარკვევით ვხედავდი. ისიც კი შევნიშნე, როგორ ათამაშებდა საჩვენებელ თითზე გაკეთებულ ბეჭედს ცერა თითით და როგორ უჩნდებოდა პატარა ნაოჭები შუბლზე, როცა თავში ცუდი აზრი გაუელვებდა.
ამბობდა ხოლმე ცუდი აზრები არასოდეს მომდის, უბრალოდ ამ მომენტში ვხვდები სინამდვილეს და ის არასოდესაა კარგიო.

გუშინ, ღამე, მისგან შორს მდგარი მეც ვხვდებოდი სინამდვილეს და მე უფრო მეტი ნაკეცი მიჩნდებოდა შუბლზე.

– ანცი! 

მოლოდინისაგან კბილი კბილს დავაჭირე და რამდენიმე გრძესი წამი ველოდი როდის გავიგებდი მის ხმას.
რა მოხდებოდა, რომ უბრალოდ დაეძახა პარა… არ მინდოდა ჩემი სახელი თავიდან ბოლომდე, მხოლოდ პარა დაეძახა…

საბოლოოდ ანცი შუახნის ქალბატონი აღმოჩნდა თავზე მოხვეული შარფით და არც ისე გრძელი კრემისფერი ჟაკეტით.

თუმცა თუნდაც წარმოსახვაში ისევ უნდა მენახა მისი თმა, მუსიკისა და აზრების შესაბამისად ცვალებადი სახე და დანისლული თვალები.

შენნაირი არავინაა ანც, საერთოდ არავინ.

xoxo პარანოიდი.